ეპიტაფიები – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1910-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 28732-5-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ეპიტაფიები

ვიყავ შენებრი

ანაშენები,

ყველგან შემქონდა

ცეცხლი მშვენების.

დავტოვე ქვეყნად

მხოლოდ ნაცარი,

დამიდგა ღამე

უზარმაზარი.

 

მწარე კვნესით დავმარხე

იმედები ხვალისა,

სიცოცხლეში რა ვნახე

ან რამ წამახალისა.

შემიყვარდნენ ლექსები

ვით ბაგენი ლალისა,

აწი რას მოვესწრები,

სიკვდილმა გზა დანისლა.

 

მგზავრო, შეჩერდი! გთხოვ, დამაკვირდე,

იქნებ გახსოვდეს ჩემი სახელი.

ქება-დიდებით შენ არ გაკვირდე,

წარმავალია სუყველაფერი.

დავკარგე ძმები, ამხანაგები,

გულიც გამიქრა აღარ მიკვნესის,

ერთ დროს მეც ვიყავ კაცი საქები,

დღეს ხომ მიყურებ, მტვერად ვიქეცი.