ღამის ნაბადი გახუნდება ცივ ალიონით,
დამთვრალ კაფეში მზის მოსვლამდის დამაყოვნდება,
წამიღებს ფიქრი ჭიქა ლუდის, შავ ყალიონით
და მთვარეულად ჩემი სახლი მომაგონდება.
ისლით ნახური წაბლის ოდა – ლხენის ბანაკი,
გიშრის ყანწებით ლალის ღვინო – სახე მზიანი,
თავაზიანი იმერეთი და ფაფანაკი,
ჩემი ოჯახი გულღია და ხალისიანი.
გამიცოცხლდება ჩვენი ჭალა და თევზაობა,
მთა ნაქერალის – ზურმუხტებით გადანამწვანი,
მარად ბრწყინვალე, ქედმაღალი ნათესაობა,
ცხელ ანდამატით შეჯაჭვული რვანი დან-ძმანი.
წინ გიგვიძღვება ვერცხლის წვერით მამა გიორგი,
ღვთისმშობელივით თავს გვევლება მზე მინადორი;
მათ სანეტაროთ – დატვირთული ათას იოგით –
შევებმი ღმერთებს, ვით გიჟ ხარებს ტორეადორი.
მომენატრება უცნაური, ჩუმი სოფელი,
მარჯნის ვაშლები – ბავშვობაში ჩემი დარგული, –
და ავტირდები მე – მსოფლიოს უარმყოფელი, –
უცხო ქალაქში სასიკვდილოთ გადაკარგული.
ივანე ყიფიანი
გაზეთი „ტრიბუნა“, 1921, 6 ოქტომბერი, №39