ალექსანდრე გრიბოედოვს – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1910-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 23357-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ალექსანდრე გრიბოედოვს

მას უყვარდა საქართველო,

როგორც თავის სახლი,

რაინდობით სასახელო,

გულკეთილი ხალხით,

 

მშვენიერი წინანდალი

და ალაზნის ველი,

თან ამბები წინანდელი

მრავალტანჯულ ერის.

 

დიდი იყო გატაცება

ამ ძვირფასი ქვეყნით,

მისთვის სისხლსაც დააქცევდა

მტრებთან ჯიქურ შეხლით.

 

რა იცოდა ალექსანდრემ

განაჩენი ბედის,

მისთვის მახვილს თუ ლესავდნენ

ფანატიკურ ბნედით;

 

რა სიმწარე შეხვდებოდა

უცხოეთში წასულს,

რა მყობადი ექნებოდა

ჭავჭავაძის ასულს.

 

* * *

ცას ღრუბელი გადაეკრა,

მოელოდნენ წარღვნას,

კოშკს კედლები გადაერღვა,

ხალხი რისხვით აღსდგა.

 

რაოდენი არ ეცადნენ,

ვერ დააცხრეს ღელვა,

ტალღამ შთანთქა ალექსანდრე,

დაამწუხრა ყველა.

 

* * *

მოასვენეს ირანიდან

განგმირული მკერდით,

თავს დაადგეს პირამიდად

საფირონის ქედი.

 

მისი ნინოც გვერდით უწევს

გაზაფხულის მსგავსი,

თითქოს კიდევ გული უცემთ,

ვერ ედებათ ხავსი.

 

როცა მივალთ მათ საფლავზე,

ქუდს მოვიხდით ჩუმად,

ღირსეულად დავაფასებთ

წუთისოფლის სტუმართ.