სიკვდილის სუნთქვა აფართოებს ღამის ლაყუჩებს,
ზვიად გუმანით ვიარები გიჟთ მუშაბახი,
მაქეზებს ჟინი რაყიფობოს სახელ ნაბახი,
მაგრამ საზღვარი ღელვილ გრძნობებს უხმოთ აყუჩებს,
ხავერდის ქალი აბოროტებს ქალაქს და ქუჩებს.
საბედისწერო ასპარეზე მელის ყაბახი.
უკვდავ ლექსებით მომღიმარი დავსწვი თაბახი.
ჩემი ფიქრები დაემსგავსენ გამხმარ ალუჩებს.
მის ღრმა თვალებში სონეტებით ვამთავრებ მითებს,
ვით ქვრივ დედოფალს მეტად ჰშვენის შავი პროფილი.
მაბრაზებს, როცა სალამის დროს კოცნიან თითებს.
მწარდება მისგან მონაძღვენი ალიბუხარი,
და ბედი ჩემი, ყველასაგან უარყოფილი
მასევდიანებს, ვით ზამთარში მცხრალი ბუხარი.