წერილი სატრფოსადმი; სამოთხის ბაღსა.. – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1915

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-4.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

წერილი სატრფოსადმი; სამოთხის ბაღსა..

წერილი სატრფოსადმი

ჩემი ჩანგი შენზედა ჟღერს, შენ გეტფის და შენ დაგხარის,

მაგრამ ჯილდო შესაფერი შენგინ არ სჩანს, არსად არის.

ძილში ცხადათ თვალწინ მყავხარ, ცივი, ცივი და მდუმარი,

ხმას არ იღებ, თითქოს მორცხვობ, ჩემო კარგო, ვით სტუმარი.

სხვასთან გხედავ, მუდამა ხარ, ნაზად ნელა მომღიმარი,

როს მე ვნახავ მოუღუშვი, ხარ მწყრალი და მიუკარი.

ნეტავ რისთვის, ნეტავ რისთვის, მე პასუხი მომე ამის,

თავს მეხვევა შავი ფიქრი და გავგიჟდე შენით ლამის.

ნუთუ, მითხარ, ნეტარებავ, გულს არ გიდევ ნაპერწკალ,

არ გატყვია ნატამალათ თანაგრძნობის ნიშან-წყალი.

ჩემის კვნესით და ვაებით ქვა მოვალბე, ქვა ვატირე,

შენ კი, შენ კი, უკარებავ, ვერაფრით ვერ გინადირე.

შენ დამასვე მკერდს ისარი, განმიგმირე ნორჩი გული.

და თუ სრულად არ გამკურნავ, დამიამე მაინც წყლული.

ოჰ, მე ვიცი აქედანვე ამასაც არ ამისრულებ,

ეჰ, განგებავ, ესე უღვთოთ, მითხარ, რისთვის მომიძულე?

ბედნიერთა სამეფოსა რისთვის, რისთვის არ მიგულე?

ეჰ, ლამაზო, ბედისაგან დავზიანდი, დავიჩაგრე.

და შენ, ჩემო სულისმდგმელო, რათ მექცევი, მითხარ, აგრე.

მხოლოდ შენით, ეს იცოდე, ვეთხოვები ტურფა არეს

და ჩავდივარ უნუგეშოდ  ოხრადშთენილ მწირ სამარეს

გეყო, ტურფავ უგრძნობელო,

მე ლიტონი ვით მაწამე,

ცოცხალს თუ  არ –  უსიცოცხლოს

ერთად ერთი გთხომ მაამე.

……………………………………….

……………………………………….

……………………………………….

………………………………………

 

1915 წ.

შ. გოგიაშ.

 

მე ლიტონი რაც მაწამე

სატრფოვ, სატრფოვ ის იკმარე

აწი მაინც, აწი მაინც

გამიცანი, გამახარე.

 

* * *

სამოთხის ბაღსა ფერადოვანსა

ვპოვე ყვავილნი პირმომცინარნი,

თვალებ ჟუჟუნას, სუნელოვანსა

ეფარა მკერდზე ციური ცვარნი.

ნაზად დავკრიფე, გავალამაზე

და მერე შევკარ მით თაიგული,

მაცდურ სატრფოსა შევუთავაზე –

მსურდა მომეგო იმისი გული.

ოდეს დაყნოსა საამო სუნი,

არ მოეწონა, სთქვა: „რა მყრალია!“

ტყუილ უბრალოდ დაუდო წუნი,

მე შემცქეროდა განამწყრალია,

ძირს დაახეთქა მან თაიგული.

შეუბრალებლად ფეხით დათელა

და მერე მეტად გაბრაზებული

გაფრინდა სწრაფ ვით ციცინათელა.