ჩვენება იუდეის ასულის – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1922 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩვენება იუდეის ასულის

ძაღლური კბენით გაირბინა მზემ ეკვატორი.

ელექტროს შუქი შეეჯიბრა ქალაქში მთვარეს.

ცეცხლის თვალებით ბრაზიანი მოჰქრის მატორი.

ყავახანიდან დაიღვარა სიმები თარის.

 

მთვარეულ ცეკვას იქ აყვება ასული ქარის.

უნაზეს ვეფხით, – მე ვკანკალებ – თითქოს ნატორი.

ჩემთვის საშველი ტრფიალიდან აღარსად არის

და ძირს ვეშვები ვით დაჭრილი გლადიატორი.

 

ახ! ის უთუოდ სალომეა მთვარით ვნებული,

შვიდ სახურავზე შიშველ ფეხით აცეკვებული. –

მეფის ასული იუდეის, ჰეროდიადის!

 

საჩუქარს ელის ტეტრარქიდან თეთრ სიშმაგეში.

ავი მხევალი დღეს მსხვერპლია გრძნობის დიადის.

იოქანაანს მძაფრად უკბენს წითელ ბაგეში!