შალვა კარმელი – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუბიკონი“, 4 თებერვალი, N3

ბიოგრაფია

შალვა კარმელი

ბიოგრაფიული ცნობები

დაიბადა 1898 წ. ქ. ქუთაისში.

მისი ნამდვილი გვარი: გოგიაშვილი.

შვილი ღარიბი მშობლების. მამამისს, პავლეს ქუთაისში აქვს დურგლის პატარა სახელოსნო. მიუხედავად სიღარიბისა, პავლე გოგიაშვილი ყველა თავის შვილებს აბარებს სასწავლებლებში, მაგრამ ჭლექით ეღუპება. რამდენიმე წელიწადში ჯერ ორი ქალი და შემდეგ ვაჟიც – შალვას უნცროსი ძმა. უკანასკნელმა უბედურებამ – შალვას სიკვდილმა – დააცარიელა მისი ოჯახი.

შალვა სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და შესანიშნავად დაასრულა კურსი 1916 წ. პირველი ლექსი „რიონი“ დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოში“ 1915 წ. ის და რაჟდენ გვეტაძე პირველი სრულებით ახალგაზრდა პოეტები იყვნენ, რომელნიც დააფასეს ,,ცისფერმა ყანწელებმა“ და 1915 წლიდან იწყება მათი განუწყვეტელი კავშირი და მეგობრობა პოეტების ორდენთან. 1921 წელს ორივე პოეტი შედიან ორდენში როგორც ნამდვილი წევრები. 1920 წ. შალვა კარმელი ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტად, სიტყვიერების დარგზე. ჭლექის ნიშნები დაეტყო გიმნაზიის უკანასკნელ კლასებში, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ეს სენი უკვე საშიში შეიქმნა მისი ჯანმრთელობისთვის და 1922 წელს, მეგობრები აგზავნიან მას აბასთუმნის სანატორიუმში. აბასთუმანმა, მხოლოდ დროებით, შეაჩერა ფილტვების პროცესი, თბილისში დაბრუნებისას პოეტი გაცივდა, დაემართა ანთება, ფილტვების პროცესმა კატასტროფიული სახე მიიღო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა პირიდან სისხლის დენა. ექიმ ივ. გომართელის და სხვათა მიღებულ ზომებით, დროებით შეჩერებულ იქმნა სისხლის დენა, გადაწყვეტილი იყო მისი სოხუმში გაგზავნა, მაგრამ ეს საშიში გამოდგა პოეტის ნამეტნავად დასუსტების მიზეზით. ამავე დროს , დედის სურვილით, ის წაყვანილ იქნა ქუთაისში, მშობლებთან. უკანასკნელი ოთხი თვე შალვა ლოგინს არ გაშორებია. 19 იანვარს ჩაუვარდა ენა და 25 იანვარს, ღამის პირველ საათზე გარდაიცვალა, სრულებით დაწრეტილი სისხლისაგან. სიკვდილის წინ შეძლო რამდენიმე სიტყვის თქმა: უკანასკნელ მისი სურვილი იყო, რომ მის დასაფლავებას დასწრებოდნენ მისი მეგობრები ახალი მწერლობის კავშირიდან. გასვენება გადადებულ იქმნა სამშაბათიდან – ხუთშაბათს პირველ თებერვლისათვის. დასაფლავებულ იქმნება ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე.

შალვა კარმელი თანამშრომლობდა; ,,საქართველოში“, ,,სამშობლოში“, ,,მეოცნებე ნიამორებში“, ,,ბარიკადში“, ,,ბახტრიონში“, ითვლებოდა სრ. საქ. ახალი მწერლობის საბჭოს წევრად, და ყველაზე უნცროსი იყო ,,ცისფერი ყანწების“ პოეტების ორდენში. გამოსცა პირველი ლექსთა კრებული ,,ბაბილონი“, დარჩა ბევრი დაუბეჭდავი ლექსი, რომელნიც მოთავსებული იქნებიან ჯერ გაზეთ ,,რუბიკონში“ და შემდეგ კავშირის მიერ გამოცემულ იქნებიან ცალკე კრებულათ.

გაზეთი „რუბიკონი“, 1923, 4 თებერვალი, N3.