გულში ზაფხულის გიტრიალებს ცხელი მუქარა.
თუ შეანელებს შენს დასიცხვას, – მხოლოდ საბედო!
ვერაფერს გეტყვის მედალივით მთვარე მშუქარა.
ღამე ვერ იტყვის ქალწულობის მოკვლა გაბედო!
მეტად დაღლილი უთავბოლო რაგინდარათი.
გაშინებს ისევ მოთმინება ვეღარ დატიო.
შრება მხურვალე და სურნელი ლოცვის ბარათი,
წარსულის ძეგლი სატრფიალო და საპატიო!
ბუდუარიდან ნელი ფშინვა. ო, თუ მოისმა, –
შენი კაბიდან ყელსახვევებს გამოვჭრი მრავლად.
როგორც პოეტის მეგობარმა უახლესმა. –
გაიამაყო, რომ სიზმარში მე დამრჩი დავლად.
იყავ სიზმარში შეულახველ სპეტაკ დობილად.
არ ვიცი შენ ლანდს ამნაირად რისთვის შევები.
კისერს დაგიმშვენებს, ან მექნება ნაზ სახრჩობელად:
ყელსახვევები, შენი კაბის, ყელსახვევები…