1.
მანაზებს ქარვის სნეულება ფერმანკიერი,
ვით ოქროს აფსკა შემოდგომის ყვითელ ნეშოებს.
მითინათინებს ჩირაღდანი მზის მაგიერი…
მანაზებს ქარვის სნეულება ფერმანკიერი,
ვით ანაზებდა ბეატრიჩეს ალიგიერი.
ვკვდები და ვლექსავ მუსტაზადებს უნუგეშოებს…
მანაზებს ქარვის სნეულება ფერმანკიერი,
ვით ოქროს აფსკა შემოდგომის ყვითელ ნეშოებს!
2.
ადრე შეაწყდა ჩემს მანიაკს ქვები სპეკალი…
აქ მე უკვდავად, ადრე მკვდარი, ვერ ჩავითვლები!
ადრე ჩამესო სასიკვდილოდ სულში ეკალი…
ადრე შეაწყდა ჩემს მანიაკს ქვები სპეკალი.
ო, ნეტამც მართლა სათაყვანო მზეს მოვეკალი, –
მაშინ ჩემს კუბოს მოოჭვავდენ ფერშავი თვლები…
ადრე შეაწყდა ჩემს მანიაკს ქვები სპეკალი…
აქ მე უკვდავად, ადრე მკვდარი, ვერ ჩავითვლები!
3.
ნეტამც მენახა სიცოცხლეში დანამთავრები –
ჩემი „ლეილა“ შორეული, ჩემი „კალანდო“…
ანთებულ სულის სადომფალო მუნჯი მგზავრები,
ნეტამც მენახა სიცოცხლეში დანამთავრები!..
მაშინ მეფურ დოღს გამართავდენ ღამის მთავრები…
დღეს კი ჯირითში ასპარაზზე ვინ ავალანდო?!
ნეტამც მენახა სიცოცხლეში დანამთავრები
ჩემი „ლეილა“ შორეული, ჩემი „კალანდო“ !..