სულის ლეგენდა და უხილავს – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 10.06.1916

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 15400-18-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სულის ლეგენდა და უხილავს

სულის ლეგენდა!

 

მზე მოდიოდა…..

სხივს მოქონდა შვება დილისა,

განცდა ღვთაების, სულის რწმენა სიყმაწვილისა.

შვენოდა ყვავილს მკერდის რხევა მიცვარულისა

და გულს უმანკოს ზეიმობა სიყვარულისა!

 

II

 

მზე ჩადიოდა…

თან მიქონდა დღე წუთ ლეული.

და სიხარულის საოცნებო კოშკი მსხვრეული!

იდუმლათ მდელოს ეხვეოდა მწუხრი სნეული,

ღამის ლანდებში ინთქმებოდა სვე კურთხეული

 

III

 

მთვარე მნათობდა…

საოცნებოთ იწვევდა მწარ სულს…

და აგონებდა განვლილ დღეთა ორჭოფულ წარსულს

სამზისიეროს ცის მნათობნი თინათინებდენ

და ჩანგის სიმნი ქვითინებდენ და ქვითინებდენ!

 

შ. კარმელი

 

უხილავს

 

გამიტყდა ძილი

ვჭვრეტ ფიქრებს მწარეს,

სასო მიხდილი

ცრემლს ვაფრქვევ ცხარეს!

ვუხმობ უხილავს,

მოველი მასა-

და გულს ის მიკლავს

რომ არ მცემს ხმასა.

ო მითხარ, მითხარ

სულის მხიბლავო,-

[მინხარი მინხარ]

შენ უხილავო!

მოდი მიბრალე

მაჩვენე სახე…

ეგ გამსჭვირვალე

ხელი შემახე.

შემიშვრე ცრემლი

რომ ლოყებზე მდის

თორემ ვიტანჯო

ასე როდემდის?!!

 

შ. კარმელი