სიყვარული სონეტს – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სიყვარული სონეტს

ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა.

მოშვილდულ რკალში ოქროთვალით მეტად კარგია.

მეფურ ჯირითის კამანდები ჩვენ ვიცით ორმა

და მონადირეს ტყეში თავი არ დამკარგვია.

 

შერჩეულ სხეულს ეს ჯავშანი მწყობრად არგია.

ქარვის მეფისქალს მაძმობილა ცრემლების თქორმა.

მწველ სიმღერებში რაც პოეტურ სულის თარგია,

ყველა საცქერად აიტაცა ლაჟვარდში ქორმა.

 

ვფურცლავ რვეულებს, მტვრიან წიგნებს, ძველ ლეკსიკონებს.

ვდარაჯობ სიტყვებს: მეფე, მონა და მაძებარი.

არის რითმები ქალწულივით: მკრთალი, მგზნებარი.

 

ხელის თარეში აჩუქურთმებს ხატულ სტრიქონებს.

ვრცელ ხალიჩაზე ცისარტყელა, ქნარი, დაფინე, –

დიანას ფეხთან საროკავად მე დავაფინე.