სექტემბრის ავდრებში – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სექტემბრის ავდრებში

ზეცა შემოდგომის ღრუბლით ნათვალწუნი,

ო, ვეღარ იტანს ყოველდღიურ მენსტრუაციებს.

ხშირად ფერმკრთალდება ის როგორც ქალწული.

ამბობს ბარომეტრი: ძველ მზეს თუ აციებს.

ძველ მზეს თუ აციებს!

ჰაერი მძიმდება.

ისევ გაწვიმდება.

ისევ და ნეტავ როდის გადაიდარებს…

ავდრებს მწუხარება ტრაურს დაიდარებს.

მე გავალ წვიმაში,

რომ მთვარის წინაშე

(ის იღიმება გახეულ ფლასიდან)

დავიცე წვეთი (წამლის მოშველება).

მყავხარ ძვირფასი  და

სადა ხარ, ნუგეშო?!

თვალებს დარაჯობა ვისზე დავუგეშო..

სხვა ხომ არ გაივლის ნაზი მოჩვენება!..

შემეძლოს მაინც: შეშლილივით გავარდნა ცხენით

და გრიგალიან

გზებით გარება…

მე ავადა ვარ, მაპატიეთ, საშინელ სენით, –

რომლის რკალია

სიყვარული და მწუხარება!..