სევერიანს – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1922 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სევერიანს

ვართ პოეტები ჩვენ უწინარეს

და მასკარადში თავი გვგონია.

ვიცვამთ ყოველთვის ნიღაბს მცინარეს

და პენსნედ აზის თვალს ირონია.

 

დავქრივართ ლუწად, მაგრამ კენტობა

ხშირად გვამდიდრებს ჩვენ  სმარაგდებით.

ბევრს გვაპატიებს ჩვენ სტუდენტობა,

ვით არლეკინებს თავის აგდებით.

 

ქვეყანა გვიჩანს როგორც სართველო,

გული – გიდელი დაგვაქვს მგზნებარედ.

ო, ჩვენც გვიყვარდა სხვა საქართველო –

ესპანიაში მოსაძებარად.

 

შორეულ ქალზე თითქოს ვნებულო,

ყველა უცნობებს ვსდევდით სალამით.

და სახიფათოდ გაქანებული –

სოფელს ვსტიროდით ეპიტალამით.

 

მოდიან ჩვენკენ ჩონჩხები ძნებად,

რომ შეუერთდეთ მგზავრებს მზიანში…

ჩვენ ჯოჯოხეთშიც გადავალთ ძმებად –

როგორც გადვედით პოეზიაში!