სალარნაკო მელოდია – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-27-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სალარნაკო მელოდია

ქარვის ფოთლები გამხდარა ვნებით,

ტირილით წყდება ხის კენწეროებს,

ისრულად ცაში, გრძელ ქარავნებით,

გაუკრავთ გეზი მზისკენ წეროებს.

[ჭკნება მტილნარი სემირამიდის,

ჭლექდება ღამე მთვარის ფარილში,

უცხო მგზავრებთან ჩემი რა მიდის ,

მე რა ვიპოვე მათ პურ-მარილში?].

რად მიყვარს ხოლმე ოქროს ფანდური,

აზამთრულ მწუხრის ნისლურ ტევრებში?..

რად მეჩვენება მორფი ლანდური,

ვით ორეული, მზის სატევრებში?

იცანი, სულო, ზამბახპირული

დაზედ უდესი დებში დობილი?

ვესტის სატევრით გულგანგმირული,

მარჯნის კუბოში ხელდაჭდობილი…

სტირს ჩემთან ტბაზე სირენა დებით,

დნება სანთლებთან საკურთხევლები,

ვენერაც სტირის სერენადებით,

ვეღარც შველიან მთვარეს მხევლები!

[ან იანვარიც ნაძვის იმ ღერებს

შემოსს თოვლისფერ ქაფით რებული,

მზე კი ამაოდ მოქსოვს სიმღერებს

თეთრი სხივებით გაფითრებული].