შენს ციურ სახელს უძღვნიან შაირს
ზეცის მგოსნები სხვადასხვანაირს.
გეტრფიან, როგორც ტურფა პეპელას, –
ჩემო ლეილა, უყვარხარ ყველას!
ო, რა კარგია შენი თვალები,
გიშრის დალალნი, ბეგელალები.
თითნი ნათალნი, – ტატანი ბროლნი –
ორნი კოკორნი მკერდს ანათრთოლნი!
ტკბილ რითმოვანი ხმის კილოკავი,
ჰაეროვანათ ფეხი მროკავი!
ო რა კარგი ხარ სიცოცხლის მცემო –
ჩემო ლეილა, ლეილა ჩემო!
ვის შუძლია ღმერთობა სცადოს
მთელის არსებით რომ განგიცადოს?!
თუ არა ისევ შენს მიჯნურ მგოსანს, –
მეფეთა-მეფეს და გვირგვინოსანს!
მხოლოდ ის გიცნობს, მხოლოდ ის, მხოლოდ,
ხატათ უღირხარ. რწმენის სიმბოლოდ!
მარადის ენით გალაპარაკებს,
შენს ციურ სხეულს გააქანდაკებს. –
კერპათ გადასცემს საუკუნოებს
და უკვდავებას თვით შენში ჰპოებს!!