მწუხრის სიმღერა – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 03.11.1916

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 15400-2-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მწუხრის სიმღერა

როს მწუხრის ჟამს მიპყრობს სევდა

და შავ ფიქრთა ზღვასა ვმონებ, –

მაშინ – ჩემო მეგობარო,

სასოებით შენ გიგონებ.

გულს მეშვება სიამისგან,

სული ხარობს, სული ლხინობს

და მსხვრეული სევდის ჰანგი

შვების წყაროთ მიღიტინობს.

გარს ევლება შემკულ მდელოს,

პირს უკოცნის ტურფა კორდსა

და წალკოტში ნაზ ყვავილნარს

ურაკრაკებს ტკბილ აკორდსა.

და იგი ხმა მთის ცელქ ნიავს

ტყეში მიაქვს მონაპარი,

ნორჩ ფოთოლთა გარს ეხვევა

სურს, მიუთხრას მათ ზღაპარი.

ეუბნება: მოდი ახლო…

გიალერსო… მოგეფერო..

გაგართო და გაგაცინო,

მით დაგიტკბო სულის სფერო!

ნუ თრთოლავხარ.. ნუ კრთი.. ნუ.. ნუ,

ზენა ძალით მსურს გაძგერო,

მკერდს ჩაგიკრა… გულის ცემით

სიყვარული დაგაჯერო!

ჩამეკონე…. ოცნების ფრთით

უნდა ზეცას აგაფრინო..

და ეთერის ლურჯ ტალღებში

გრძნეულ ნანით დაგაძინო!!!

ამ კილოზე მუსაიფობს

ტყე, წალკოტი, სიო წყარო,

იდუმალ ძალს მოუცვია

მაღლა ცა და ძირს სამყარო.

და როს შევცქერ ამგვარ სურათს

ვიმსჭვალები მათის ლხენით,

ვსტკბები მათთან სულიერათ

და ზენაარ აღმაფრენით

სიხარულის რითმებსა ვწნავ

ოცნებობით მომავალზე

და აღვსილი ნეტარებით

გლოცულობ მზის დასავალზე.

 

სოსიკოს შალვასაგან