დღეს თითქო ჩემთვის ქუთაისი მკვდარი ბრიუგგეა,
ყველა წარსული დანგრეული, მოდის ბაღებად.
და ღამდებიან ოცნებანი როდენბახებად.
გადიარს მთვარე მკვდარ ქალაქზე მარადი სევდით.
ო, რა უცხოა ეს საღამო და გამობრწყენა.
თავდავიწყებას ჩვენ, მგზავრებო, ამაოდ ვსდევდით,
როგორც პრინცესა მგლოვიარე, გვფარავს მოწყენა.
გუშინ ვაგონში ფერმკრთალები შიშობდნენ ჭლექზე,
მათი ოცნება ნაღვლიანი ილტვოდა ცისკენ,
მე კი მართობდა მხოლოდ ერთი ძვირფასი ლექსი:
„მიმქონდა ხსოვნა ელენესი იმერეთისკენ“.
მკვდარო ქალაქო, გაიღვიძე! – მოვიდნენ მტრები.
და მოახლოვდა შებრძოლება, სითეთრე დილის.
დაუტირებლად შენ ცოფიან გრიგალში ქრები,
რომ ყველა ცრემლი დავუტოვე საყვარელ თბილისს.
თავზე გვეცემა ძველ ღმერთებით ცა შერყეული.
უნდა გავექცე ამ ქვეყანას საგველეშაპოს…
მშობელო მიწავ, ორივენი ვართ ჩვენ წყეული
და ვერ ავცდებით დამარცხებას, სირცხვილს, ეშაფოტს!