მთვრალი თვალები – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მთვრალი თვალები

თვალები, შენი მთვრალი თვალები, –

მზის მაყვალები მწვავედ ბნელია!

ულმობელია ვით მტარვალები,

მრუშად მთვრალები როცა მელიან.

 

ო, ცბიერ ტანის აკანკალებით,

მკერდის კვალებით გადამარბია.

შუბად წარბია და ცხელ რკალებით

ყრუ გრიგალები სულში გარბიან.

 

ვიცნობ შეხვედრას აშლილ ხმალებთან

და ტრამალებთა სანგრებში წოლას;

მაგრამ ეს ბრძოლა საშიშ თვალებთან, –

დამავალებდა უცნაურ ძრწოლას.

 

ვერ დავემალე შენს თვალებს ღიას.

დავახლი ტყვიას მაცდურ ჩვენებას.

ველთა მშვენებას მივყვები ტყიანს –

დავეძებ გვიანს მე განსვენებას!

 

მაგრამ წავიდა ყველა დარები.

არც საყდარები, არც ქროლვა მტრედის.

თოვლიან ბედის ქრიან ქარები,

იანვარები ჩემ სულში შედის!

 

და ჩნდება სარკე გაბრწყინვალებით

შენი თვალები, მე სადაც მწვავდა.

ეშაფოტს ჰგავდა ნამტრი ალებით

და ტრფიალებით თანდათან მკლავდა!