წიწამურის წამებული მგოსანი,
ჭაღარ სახით მარად ჭარმაგოსანი,
განგმირული ვერაგული ფანდებით –
გვეცხადება რაინდების ლანდებით!
სადაც ჰგიებს აჩრდილები ამათი,
იმართება საიდუმლო კამათი.
მხნე ილია სევდიანი თვალებით
ეუბნება თეთრ რაინდებს წვალებით:
„მთაწმინდაზე ჯერ არ განმისვენია…
„მითქვამს, ვამბობ – ჩვენი თავი ჩვენია!..
„რაინდებო! შეიყვარეთ მამული,
„წიწამურში ჩემი სისხლით ნამული.
„შეიყვარეთ ლანდი ჭაღაროსანი,
„მას მისდევდეთ ყველა ტაიჭოსანი!..
„საგაზრდილოს დაკარგული დიდება –
„ომშიგანვე ბრძოლით შეისყიდება!..
და სცილდება აჩრდილების ნაპირებს…
რაინდებიც ამბოხებას აპირებს.
იდუმალობს მთაწმინდაზე მზადება –
ქართვლისათვის მსხვერპლად თავის დადება.
უბელადებს შეფიცულებს ღამეში,
დილაბინდზე ცისკრის სიკამკამეში –
წიწამურის წამებული მგოსანი,
ჭაღარ სახით მარად ჭარმაგოსანი!..