მეფისტოფელის წამოსასხამი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1922 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მეფისტოფელის წამოსასხამი

მიგვაფრენს ცაში მოსასხამი დაუდეგარად.

გავშორდით მიწას და გავმაღლდით თითქოს დაბლები.

ძველი ქვეყნების სიყვარული გვაძევს ბეგარად,

სადაც არ გვღალავს ყრუდ ხრიალა დირიჟაბლები.

 

ცხელი ქალდეა: ბაბილონი და ნინევია.

ჩავდივართ ფრენით განათებულ ძველ ხორსაბადში.

ჩვენთვის მეჯლისი სასახლეში ნაღვინევია

და ჯვარნაწერნი გადავდივართ ღამის ნაბადში.

 

ვნებიანობას არ დაგვაკლებს ასტარტა მარადს.

დღეს მე ვიქნები დედოფალთან მეფისნაირად.

ვხედავ ქალაქებს: ამდგარ ტიროსს, სიდონთან არადს,

ყვითელ ეგვიპტეს, – განცხადებულს მემფის – ქაირად.

 

აღმოსავლეთი! სურნელება. მთვარე. ხალები.

მწველია კოცნა და გაფრენა უფრო შმაგური…

მიჰქრის ხასასთან მოჰაშიშე ნორჩი ხალიფი

და ტრიალია ცივ ჰაერში აშფაშაგური!