მარტო ვარ, მარტო.. – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1923 წლამდე

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-8-2.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მარტო ვარ, მარტო..

* * *

მარტო ვარ, მარტო, სიო სწრაფ-ნელი

აქანებს ბაღში მწუხრისფერ იებს,

მგოსნის ოცნება დაუდაფნელი,

უკაფიავებს ღამის ფერიებს.

ნამგალა მთვარე თეთრი ფლასებით

ეკეკელება მთის ქათინაურს,

მერიქიფენი ოქროს თასებით

ამჩქეფარებენ ღვინოს შინაურს.

კატაგომბიდან მონათ კრებული

მიიჯაჭვება ფონით ეფრატზე,

ქალწულის სახე აკოკრებული

ხატათ მიუვისთ ფექალ ეტრატზე.

ქალდეას ქალნი მბზინავ პირუსთან

დასეირნობენ თბილ ამიდებში,

დღეს კი გამართეს მღვდელმსახურებთან

მწუხრის ნადიმი პირამიდებში.

ძველი ღმერთები თავმომწონები

სერობენ ლხინი ლხინს ემატება,

შორით მოვიდენ მგზავრი მონები

ღმერთებს მიართვეს ქალის ხატება,

ქალდეას პირმშო წმიდა ასული

და სიამაყე ძველ აზიისა

ვან არარატის მთიდან წასული

დღეს კი გვირგვინი კავკასიისა.

და ვეღარ იცვნეს, რომ დააკვირდენ

ასულის სახეს ეტრატს ქარგვულსა,

მწუხრის ღმერთები ჩუმად ატირდენ,

მოსთქვამდენ ცრემლით შვილს დაკარგულსა.

რისხვით აღაპრეს ხელნი ღმერთებმა

და გაამეფეს დაბლა ბნელეთი,

გრგვინვა მეხებმა, შენაერთებმა

ააზანზარეს ზღვა და ხმელეთი.

შურისძიებით იქ წარმართები

სთხოვდენ ახალ ღვართ შვილის ბრუნებას,

მაგრამ გვიანი ხმები მართები

აღარ ესმოდა უცხო ბუნებას.

დაწყნარდა ყველა, დილით ნაზობდენ

კავკასიისა სხივნაჩქერ მთები,

მხოლოდ იქ შორს კი კიდევ ბრაზობდენ

ძველი ქალდეას მწუხრის ღმერთები.