მარტოობამ მომცა აზრი
საოცნებო, როგორც მთვარე, –
მარტოობამ შემიყვარა. –
მარტოობა შევიყვარე!
მარტოობამ მომაჩვენა
ტურფა სახე ცის ასულის,
მარტოობით განვიცადე
არსებობა ჩემი სულის.
ჩემთვის მყუდრო მარტოობა
არის სევდის გამქარველი,
მარტოობა რომ შევიტკბე,
მიტომ მქვიან მე კარმელი!
მარტოობამ აღმიმაღლა
სამარადო გულის გრძნობა,
და მიტომაც მიყვარს ასე
მარტოობა, მარტოობა!
შ. კარმელი