ლექსები – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-8-4.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ლექსები

 

* * *

დღეს აქა ხარ მოარული,

დახვალ ისე, წახვალ ისე,

ვით პირველი სიყვარული

ვით მაისის სიხალისე!

და დაგრჩება შენი სახე,

შენი ლანდის თეთრი ზოლი,

ღამით ფიქრებ მოცახცახე

მოგიგონებ ანათროლი.

და ვიტირებ ნიავივით

გულამოსკვნით, მაგრამ ტყვილა

სად მიდიხარ ფერმკრთალ სხივით

ახ ლეილა, ახ ლეილა?

 

* * *

ახ, რათ გიყვარს მწარე სიტყვით

[კარგო,] ჩემი გულის ტკენა,

ნუთუ, ნუთუ ჩვეულია

მაგვარ სიტყვებს შენი ენა?

მე რა ვიცი, სიცოცხლეო,

შენ რა გიგზნებს ამგვარ ჟინებს –

ის კი ვიცი, რომ ეგ ქცევა

მწარე ცრემლით მაქვითინებს!

 

* * *

მე მიყვარს შენი უმანკოება,

ცის ქალწულობა და სათნოება,

ვეთაყვანები შენს წმიდა სულსა,

წრფელის ზრახვებით აღსავსე გულსა.

და რომ შეგირყვნას ვინმემ სახელი,

ანდა შეახოს შენს ტანსა ხელი,

ოჰ, გეფიცები ჩემს ნიჭს მგოსნურსა,

არა ედრე მაშინ ჩემს შურსა,

ან თვით დავიცემ გვერდზე დანასა,

ან შენ გამგზავრებ იმ ქვეყანასა.