თქვენ ხართ ინფანტა ესკურიალის
და მეაზიის ავი თავადი,
გაკრთობთ ხმაური ქვების კრიალის
და შორს ვერცხლივით ბრწყენს ირავადი.
ცხელ ესპანელთა გედური ყელით
გახვალთ ეკვადორს, ახალ რადიუსს.
და ჰაშიშიბით ყოველთვის ელით
სიზმარებს უხილავს და მარადიულს.
შხამიან ისრით და ბუმბერანგით
ტეხავს ინდუსი უვალ სავანებს,
ყვითელ პალმებში ღია პერანგით
მე დედოფალი დღეს დამავანებს.
იწვის ბენარე საფირ ლალებით,
ბუდგა გადადის მშვიდ მლოცველებში
და ბედუინი აქ გამალებით
სირაქლემებზე მიჰქრის ველებში.
მე ამ სამოთხეს ძმურად დავენდე,
გამბანს ცოდვისგან ტალღები განგის
აქ მზეებია და დემავენდი,
და სხვა ქვეყნები ღვთაებრივ ბანგის.