ზეიმიდან: ნიღაბები კარნავალში
მახინჯ მორფებით შრიალებენ ფერად კაბებში.
მაგრამ ასარკებს მათ გრაციას მკრთალი ქაღალდი.
ხელდება გული მოხარხარე ფარ-ნიღაბებში
შენ, ჩემო ლანდო, უჩვეულოდ ახლა დაღალდი.
მთვარის ასული მილაციცებს მოუსვენარი
ნაცნობი ნელხმა ჩემს წარსულში ყრუდ იგზავნება.
გაჭრილ ნიღაბში თვალშეპარვით ვიცან ზენარი.
ტუჩი ბოროტი მე მაგიჟებს, ტუჩი ავნება!
ო ძლივს დამიდგა ჯავრსაყარი ფიცხი დარილი!
ჩემს ველურობას მიიღებენ მხოლოდ გიჟები.
დაისისხლება ცხელ ლოყებზე ფერუმარილი.
საბედისწეროდ ბნელ ოთახში მეპატიჟები.
რად მოგესურვა, რომ დამახრჩო ცოდვილ ტუჩებით?
ამაყი ხელი ჩემს კისერზე რათ ათავხედე?
შენ ლურჯ სიკვდილში დაიძინებ დღეს დაყუჩებით, –
მე შენს თვალებში აფეთქებულ ჟინით ჩავხედე!
მალე, სულ მალე გაფითრდება ეგ ტუჩი თხელი.
ვეღარ გამოხვალ შენ ცოცხალი მარტოდ მრავალში.
ო, როგორ ხარბათ შეისუნთქე ჰაერი ხმელი…
ალბათ, იგრძენი, რომ კვდებოდი გიჟ კარნავალში.
გველურ სრიალით აიპარა ჩუმი ხანჯალი…
და შესანდობათ გეამბორე მკვლელი მგოსანი!
წამს უცნაურად შეთრთოლებულ შენაქანჯალი, –
ყელგამოჭრილი ძირს დაეცი ნიღაბოსანი!..