თიბათვის ლეგენდა – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 24.06.1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“

პოეზია, შემოქმედება

თიბათვის ლეგენდა

ფეშქაში ლ-ა სკ-ტის ასულს

 

1.

მითხრეს: მომკვდარა… ახ, საბრალო…  მერე რა კარგი…

ბედი არ გწყალობს, ბედი შენზე გაუკმეხარდა…

არ ვიცი, რატომ…  და სიკვდილი ნაცქაფ-ნაქარგი, –

მე გამეხარდა, ო, ღმერთმანი, მე გამეხარდა!..

 

არ ვიცი, რისთვის არ ვღელავდი, არც ვფითრდებოდი,

სული სტკბებობდა შენაჩერი ამ მშვენებაზე…

არ ვიცი… მაგრამ ერთი მსურდა, რომ დავსწრებოდი,

რომ დავსწრებოდი ნატრფიალის განსვენებაზე!..

 

ო, ერთი ლექსი საუცხოვო ისე მწყუროდა,

ისე მწყუროდა მომექარგა შენს სამარეზე,
რომ ეგ სიკვდილი უცნაური სხვას შეშუროდა, –

ეთქვა: ო, ნეტამც მოვკვდებოდე მეც ამ მთვარეზე!..

 

2.

 

მითხრეს: ტყვილია, ის დამღერის თეთრ აკაციებს,

ბედმა გიმიზდა შავ ძონძების სამაგიერო…

არ ვიცი, რატომ…  და სიტყვებში გრძნობას ნაციებს –

მხოლოდ საწყენად თუ ისმენდა ჩემში პიერო!..

 

არ ვიცი, რისთვის, ჩემი თავი თვით შევიცოდე…

საკვირველია, მზე ღამეში რად სწუხდებოდა?

არ ვიცი…  რადგან…  რადგან არ მსურს, მგონი, ვიცოდე,

რომ ჩემი ფიქრი სანატრელი არ ახდებოდა!..

 

ო, ერთი ლექსი საუცხოვო საზაფხულოდა,

ისე მწყუროდა მომექარგა სიმწუხარეზე, –

რომ ეგ სიცოცხლე უცნაური შენ შეგძულოდა, –

გეთქვა: ო, ნეტამც მომკვდარიყავ მე იმ მთვარეზე!..