ვერდის – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ვერდის

შენი მუსიკა ცეცხლით მთვრალია.

ქარის ფუგებით სულს განიბანდი.

შენთან: სიცოცხლე, მზე, იტალია,

მეფე, კავური და გარიბალდი.

სამ კუბოს ცქერდი ცრემლში თრობილად,

გლოვის ზარს ღამეს რომ არეკიებს

და პოეტისთვის შესანდობელად

ტირილით ტეხდი მაღალ რეკვიემს.

კამელიებით ნაზ ტრავიატას

მე შლეიფები გადამესია.

ჩემი ვარდები ქაირს მიატანს

სადაც აიდა, რადამესია.

ლედი მაკბეტი საჯადოქროდან

შენკენ მოჰქროდა ვნებით ცბიერი.

სპილოს ძვლის, ვერცხლის, ანდა ოქროდან

გვირგვინს გინთებდა შენ ბარბიერი.

ლენიანოსთან დაიწყო შებმა,

ლომბარდიელნი თვლიდნენ იარებს

და ტრუბადურთა საოცარ ხმებმა –

ეს ქალაქები გადაიარეს.

თეთრი პალაცცო, დორიას მკერდი,

გადამთვარული და მოლიბრედო…

მაშინ ცა იყო მაესტრო ვერდი

და ეს ქვეყანა იყო ლიბრეტტო!