ეს როდის იყო – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ეს როდის იყო

ეს როდის იყო, ნეტავი როდის.

მგონი ვიყავი ათი წლის ბავშვი,

როცა ტრფიალი პირველად მოდის

და ცნაურდება ქვეყანა თავში.

 

ის ლურჯი კაბით გამოდიოდა,

როგორც ეთერში კვირული მთვარე.

იმის თვალებში თითქოს ღვიოდა

არაბთა ცეცხლი, უდაბნო მხარე.

 

მას დაუძახეს „ ლეილა“ გზაში.

შედგა, ღიმილი ნელა დაღვარა.

დღეს აღარ მახსოვს, ადრიან წვაში –

მე ბავშვს, ის ბავშვი, ვინ შემაყვარა!

 

ღამით ამბობდა ცრემლების მძივი:

ნეტავ დად მყავდეს, ანდა დობილად.

არ იქნებოდა ესოდენ მძიმე,

ჩვენი შეხვედრა თვალგანდობილად.

 

ეს როდის იყო, ნეტავი როდის.

ათი წლის ბავშვი მე თუ ვიყავი.

მას აქეთ ჩემთან ქალწული მოდის:

ჩემი დამხრჩობი და გამრიყავი!