სონეტი „ცირა და პიერო“-დან
იძვრის მხედრობა წითელ ალამზე,
ლამაზობს გეზად მთის გზა ირმული,
ატლასს ასხივებს ცის ცხრა თვალა მზე,
ოქროს ვარაყად შემოსირმული.
ვიშ, ეს დროშები!.. წინაპრებისგან
მეწამულ სისხლით ნაშაირები –
ისევ დროშობენ! წინა მტრებისგან
თუმცა სცხრილავენ ჯაზაირები.
დღეს რა მოელით? წითელ მერცხლებათ
ვერ იწინწკლებენ მზის ნაკვერცხებათ –
მტერთა წინაშე დაიხრებიან?..
თუ ამორძალნი ბრძოლის სტავრებზე
გაიმატჯვებენ გიჟ კენტავრებზე
და მათი ძვალნიც დაიხრებიან?!
ეს სულ ერთია! ამას განაგებს
ზესთამყოფელი და უხილავი:
სიკვდილს სიცოცხლე უამხანაგებს,
ძლევას – სიმარცხე გაუკილავი!
ტანგერგილ მეფეს პორფირიანსა
მუზასა ხმალზე შვენის აშურმა,
უნებს მახვილზე ორ პირიანსა
დააგოს გული მტერმა ნაშურმა!
მოფრინავს რაშით მხედართ-მთავარი
სპარაზმობელი მეფის ჯავარი,
გაუტეხია მისი იქ ნება!
მისდევს ლაშქარი წითელ დროშებით,
ძლევის კილოზე შეზარხოშებით –
გაიმარჯვებენ! სხვა რა იქნება?!