ძლივს ვიშოვე დრო საწერად,
და, ჰა, გიძღვნი მოკლე წერილს,
ბოლოებში ალმაცერად
კოხტა რითმით გულდასერილს.
გამარჯვება თქვენი, ხალხო,
მოგილოცავთ ახალ მაისს, –
ტრაპიზონით დანათალხო,
არ იგონებთ ნაზ ქუთაისს?….
…და სხვა და სხვა… ესეც კმარა…
შვაღამეა… გეძინება,
მარტოობა დრომ მომპარა,
დღეს საქმეში მეცინება!
ხან კრებები, რედაქცია,
ხან მცხოვრებთა რიცხვ-აღწერა, –
ღმერთმა ყველა დააქცია –
მათი თავფეხქუსლის წერა!
უგნურია ჭკუა გლახის,
ვუშველით, რომ გგონია –
იგი მაინც გაიძახის,
არ გვინდა „ანტონია“ (ავტონომია).
ეს იმას გავს, რომ გშიოდეს,
გსურდეს პური კან-წმინდაო,
ლუკმა მოგცენ პირში – ოდეს
იძახოდე, არ მინდაო!
მართლა! ახლა ვარ მერგეში!
მანდ თუ არის სამსახური-
ამხანაგით სულ ექვს დღეში
გეახლებით ჯან-საღური!
აწ, მშვიდობით, აგერ მალე
მოგწერთ კიდევ საჯაყ წერილს,
მანამდი კი – გენაცვალე
დამიჯერდით ამ გაბერილს!