გოდება გრიგალში – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-12.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გოდება გრიგალში

…წავიდეთ! წავიდეთ! აგრგვინდა,

გრიგალში უდაბნო დღეები…

– არ გვინდა! არ გვინდა! არ გვინდა!..

პასუხად ქშუიან  ხეები.

 

ხუჭავენ დატეხილ წამწამებს.

და მკვდარი ცვივიან ხრიგალში.

მე ღმერთი სიკეთეს დამწამებს, –

მივყვები კუბოებს გრიგალში.

 

– სადამდი! საითკენ! საიდან!

– ტირიან ჰაერში ყავრები…

– ცხრა მთამდი!.. უსაზღვროდ! ჰაიდა!

თავდაღმა გარბიან მგზავრები…

 

– ვერ გახვალთ უთუოდ ალყებში,

ქაოსში ქარია მთიშველი…

– არიქა… ვიხრჩობით ტალღებში…

უფალო გვიშველე! გვიშველე!

 

ვედრებას: ტირილებს ასეულს:

გიჟობას: ხმაურებს: მთვარეულს:

გრიგალი კივილით დასეულს, –

მიაფრენს გრგვინვაში გარეულს…