განდობა – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 19.02.1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : "ჩვენი ქვეყანა", №21

პოეზია, შემოქმედება

განდობა

სიუხვით ვკოცნი ძველ პაპირუსებს.

ჩუმ ხელთნაწერებს ანთებს ქეიფი.

ვითვლი შეწირულ ლალ და ფირუზებს.

შორით შრიალებსს შავი შლეიფი.

 

ასე მხიბლავდა ლანდი სირენის

და გადავყევი ცხელ მადრიგალებს.

მხნე მეზღვაურთა მონაპირენის

მარაინდებდა: „აჰყევ გრიგალებს!“

 

არ გახსენდები მთვრალ დაირაზე

(სოფლელთ ცეკვაში რომ უჩენს ხვანჯრებს).

შენ ჩემთვის გული გადაირაზე

და მიკეტავდი ლურჯ კოშკის ფანჯრებს.

 

თვით მარგალიტის შევსვი მაჯუნი.

ვეძებდი შვების მყუდრო პაუზებს,

მაგრამ სიცოცხლე ნამაჯლაჯუნი

ვერ ავარიდე მდუღარ აუზებს.

 

შენ განცვიფრდები მე ფერყვითელი.

ალბათ გეგონა ბრწყინვალე ჭლექი.

ბევრჯერ დავულბე ბალიშს მითელი…

ბევრჯერ მახრჩობდა ყრუ ცრემლთა ჭექი!..

 

ეს იყო წინად. დიდი ხნით ადრე,

ლეკვს რომ კოცნიდი ავარვარებით.

გულის განდობა მე ვეღარ გკადრე

და ვიფერფლოდი ჩუმი წვალებით.

 

ამაყი მგოსნის ამპარტავნება

დღეს მე მიბრძანებს ფალავანდობას.

სული ავდარმა ალბათ ავნება

და გიმღერს ჟინით საღვთო განდობას.

 

მითხარ გატეხით: ვიცი, რომ ჭარბათ

ჩემი ყრმა ბედი ძაღლებმა ჰკბინა, –

მაგრამ როდესაც გეტრფოდი ხარბათ

მე შენ ფიქრებში, არ მქონდა ბინა?!.