კოლაუ ნადირაძე
„ყანწელებში“ პირველი წიგნი გამოსცა ვალერიან გაფრინდაშვილმა 1920 წ· გამოვიდა კოლაუ ნადირაძის ლექსების წიგნი „ბალდახინი“, 56 გვერდიანი 35 ლექსით სამ ნაწილად: „მთვარის ქურდები“ „კეთროვანება“ და „ბალდახინი“.
ნადირაძის ლექსები ამღერებელია სურნელი ლირიკით და ნათელ სახეებით გამარჯვებულ ფორმებში. იგი ყოველ ლექსში ამტკიცებს თავის თავს პოეტის პოტენციით, სულით და გრძნობით. „მთვარის ქურდებში“ მოგონებაა ძველი ზღაპრების და ლოცვების, როცა სნეული მეფე სპილოს ძვლის თასით უხვად ფანტავს ზურმუხტებს, ლალებს და საფირონებს. პოეტის დაღლილი სული ძვირფასთან იგონებს წმიდა ლოცვებს:
„ვსთქვათ ის ლოცვები, ო ბევრი რამე მოგვაგონდება ჩვენ იმათ ხმებში.
და როცა მოვა მწუხარე ღამე დავმალავ ცრემლებს შენს ბავშურ თმებში“.
ყველაზე სანტიმენტალურად მოსაგონია ეს ბავშობა, როცა პატარა გოგოსავით ეცვა კაბა ცისფერი, როცა ძიძის ზღაპრებსა და სიმღერებში აცოცხლებდი ლურჯ ქვეყანას „როგორ მიყვარდა სოფლის დილა, ჭრიალი ურმის და თოვლის მოსვლა, გამოჩენა უცნობი სტუმრის“. ჯერ კიდევ პოეტი სამუდამოთ არ არის მოწამლული, ჯერ კიდევ გრძნობს სიცოცხლეს, სისუფთავეს მივარდნილ ქვაშიც, რომ სთქვას: „ღმერთო მაღალო, მე შენთან ვარ, მე ყველა მიყვარს“ (ლექსი „Adagio“). ასეთი გამთბარი ლირიკითაა დაწერილი ლექსები: „ძველი რითმებით“, „შემოდგომა სოფელში“, „ბავშობა“ და ყველაზე უფრო პატარა ლირიკული ლექსი, რომელიც აქვე მომყავს:
მთვარის ლანდები კრთიან ხეებზე –
თეთრად ნაქარგი;
შენ ნუღარ სტირი წარსულ დღეებზე
დამშვიდდი. კარგი.
ისეთი ღრმაა და წმიდა ზეცა –
ალერსით სავსე,
თითქოს ღვთისმშობლის ცრემლი დამეცა
ლოცვის დროს თავზე.
ო, ღმერთო ჩემო, ეს სავსე გული
შენ ჩაგაბარე,
და მას ეს ღამე ბროლით ქარგული
გადააფარაე.
კოლაუ ნადირაძე პირველად „ცისფერ ყანწებში“ გამოვიდა ლექსით „ავზნიანი ქალაქი“. მანამდე ქართულ პოეზიაში არ ყოფილა ასეთი კეთროვანი სახეებით სიყვარული და ამღერება. პატარა ბავშვმა უკვე დაკარგა გზა და შხამნარევი ცრემლებით ამართული პოეტის სული ეშაფოტია, სადაც უნდა დაიწვას ყოველი საგანი და მოვლენა, რომ ნახოს უკანასკნელი გამართლება და ეზიაროს მარადისობას.
„მყრალი სარდაფი, ბალღამით სავსე, ეს რბილი ტანი მე ყველგან დამაქვს, მაგრამ სიმძიმე მე მღალავს მისი“-ო ამბობს პოეტი და ის ეცემა „შავი ქალაქის ხრიალში რომ გაეკრას ჯვარზე“, ქრისტესავით ამაღლდეს ტკივილებისგან. აქ იშლება შავი დემონიური პარადი: ატალახებულ ქუჩებით, ავათმყოფ სახლებით, სამიკიტნო ღვინით და არღნით აყეფებული, გაქცეული ქალების საეჭვო ლანდები–მათხოვრები დამარცხებულ ჯარის მოწყენით რომ ბრუნდებიან – უკანასკნელად იხსნება პოეტის ავათმყოფ ფანტაზიის ყველა სისხლიანი ჭრილობები და ქუჩის ფარნების თვალებიდან ბალღამად იქცევიან ქვაფენილებზე. არავინ არ არის პოეტთან ამ ბრძოლაში, მხოლოდ საბრალო მუნჯი ლანდი თუ გამოყვება თანამგზავრად და საფთხობელად, რომ ქურდულათ მოგვაჩვენოს ზურგში დანის დარტმა. ასე გაივლის პოეტი და მისი ლანდი, ეს ორი მასხარა. ამ ქვეყნად სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ უნიჭო პიესაა და ქუჩის ძაღლების დატირებაა მაინც საჭირო რომ სულ ღვთის ამარა არ ყოფილა პოეტი.
ასეთი გალუცინაციების შხამითაა მოწამლული ნადირაძის საუცხოვო ლექსი „ტრიპტიხი“ (უნდა გამოვჭრა შენი ყელი, თეთრი გედური), „Neurastenia“. ლექსი: „ინფანტა მწევარით“ რამდენიმე სტრიქონებში ხვდება ალბერ სამენის ცნობილ ლექსს „ინფანტა”-ს. აქვე არის საინტერესო ლექსები: „ივანე მანაბელს“, „მისტერია ფოთლების“, პოემა „ტარანტული“, რომელიც თითქოს ძვირფასი ქვების კრიალოსანია, მაგრამ ყოველი ქვა-სტრიქონი – შორეული ნაპირების და საოცნებო.
ამავე რკალში არის რამდენიმე შემთხვევითი ლექსი, რომელიც ვერ ეგუება შხამიან სპლინებს და ნევრასტენიას („მისტერია ფოთლების“, „თეთრი, მირაჟი“ და სხვა).
ჩვენ ვნახეთ პოეტი ბავშურ ნიღაბში სანტიმენტალურ მოგონებებით და ლოცვებით, ღმერთისგან გაქცეული დემონიურ ბოროტებით აპოკალიპსურ ქალაქში ღმერთის წინაშევე მძიმე ცოდვებით და სინანულით დაცემული. ამ გადარევაში ნადირაძის ინტუიცია მეტად ძლიერია და ჭეშმარიტი. არც ერთი ყალბი ჟესტი. მოდის მესამე პერიოდი – ფეერიული ბალდახინი განათებული ირონიის მზით. აქ პოეტის სევდა და სიგიჟე გალბობილია ამ მზის უკანასკნელ ყვითელ თვალებით. ამ ციკლში ცნობილია ნადირაძის ლექსი „Notre-damme“. აქ ძლიერია სახეების კომპოზიცია, ფერებისა და რიტმის ეფექტით, ეს არის ქიმერებით დასახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – პოეტმა იცის, რომ ვერლენი აქ დადიოდა დიდი ცოდვების შესავედრებლად. ამ წმინდანებში პოეტი ისევ ღვთისმშობელს მონახავს და მის გაღიმებას გაეკიდება.
ამ ციკლში ირონიით ზიარებულია ლექსები: „პირველი მარტი“, „ყალბი ავტობიოგრაფია“. „ქალბატონებს“, „ცხოვრება ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი“. პოეტი აზიელია – სიზმრებით თვალაბურდული. მან გამოიარა ხაშმიანი ეკვატორი, ლომების დაბურული ღრუები, ინდოეთი თვალჩასმულ კერპებით, ჩრდილო ზღვების შავი სიმარტოვე, აქ არის ათასი წლები გზები უვალი. მომყავს ტერცეტები ამ სონეტიდან.
„ქვეყნიერებას მოვევლინე ცხვირგატეხილი,
მახინჯი სახით, ხორციანი სქელი ტუჩებით.
ვატარებ ლორნეტს, დავიდარდე ბნელი ქუჩებით.
ახ! ნეტავ ქრისტეს ჩემი გული გადაეხილა.
თუ ვიქნებოდი მუდამ ასე, ცოდვილი, შავი,
მე ავზნიანი, კეთროვანი და საცოდავი“.
კოლაუ ნადირაძეს აქვს ბევრი ბრწყინვალე ლექსები და სტრიქონები, რომელთა აქ მოყვანა შეუძლებელია.
საქართველოს ციკლიდან წიგნში მოთავსებულია „ოცნება საქართველოზე“ და „პატრიოტული ეკლოგა“. აქ პოეტი სამშობლოს მსაჯული და წინასწარმეტყველია.
„დაბერებული მოჩვარული და ნაწამები
კიდევ ბევრ ჯვარცმას გადაიტანს ჩემი სხეული,
ო, კიდევ ბევრჯერ შენ ცრემლებით დაინამები
და კიდევ ბევრჯერ დაგიტირებ თვალდახეული“.
არის შეურიგებელი ბრძოლა პოეტსა და მიუღებელ რეალურ საქართველოს შორის, თუმცა პოეტმა იცის, რომ გამტყუნდება მისი რევანში:
„გაუტანელი შენი ტანი დღეს ვის არ ელტვის
და მხოლოდ ჩემზე შენი მტრობა აღარ დასცხრება
და სამუდამოთ უწამები დარჩება შენთვის
ჩემი ტირილი, სიყვარული და დამარცხება!“
წიგნის შემდეგ კოლაუ ნადირაძემ დაბეჭდა ციკლი „ასპინძის ომი“. აქ თემას მიუდგა ეპიური ლირიკით და შედეგი დადებითია. მან როგორც გოტიემ და ვერლენმა დასწერა „Lart“. ამ ლექსში ზემოხსნებულ პოეტების Art Poetique-ს შემდეგ არაფერია ახალი, მაგრამ საჭირო იყო ამის თქმა ქართულად. მან, როგორც სიმბოლისტ პოეტმა, უარყო ყოველივე რეალური, გააბატონა სიმბოლო, საგნის პირობითობა და იწამა „ყოფნა ლანდური“ „შორ მომავალში და შორ წარსულში“·
კოლაუ ნადირაძე საკმაოდ დამდგარი პოეტია და მისი წიგნი იძლევა სრულ პორტრეტს პოეტისას. ეს პორტრეტი ორსახიანი იანუსია – ანგელოზისა და დემონის თვალებით და პოეტის გაორებული სული ტრიალებს საქანელაზე. ყოველი მისი ლექსი გამოცდილ ხელითაა დაწერილი, რეკავენ ლათინურ ზარების სიმტკიცით და სურნელებით. მისი ეპიტეტი ყოველთვის შლის საგნის შესაძლო პერსპექტივას და გარმონიას. მეტ ნაწილად მისი რითმები უსწოროა მახვილის მხრით. ეს უმრავლეს ქართველ პოეტების უბედურებაა, თუმცა ასაშორებელი. მაინც მისი რითმები ახალი და ჯანსაღია და იგი სახეებს არ ღალატობს რითმისათვის. წიგნში მოთავსებულია ერთი თავისუფალი ლექსი „სასწორი“, ლექსი უთუოდ გამარჯვებული. დღეს ხშირად იბეჭდება აზატი ლექსი და ხშირად ეს ტრაგიულია. არ იცი, ლექსია, პროზა თუ არცერთი.
კოლაუ ნადირაძე ლაპარაკობს არისტოკრატიული ტონით („მოიხდის ცილინდრს და ლორნეტით დაგვაკვირდება“), მაგრამ უბრალო სიტყვებსაც აძვირფასებს ხშირად („ახ, სულ ერთია, ნათრევალა გადამშეულებს, მოგვეჩვენება თვით სამოთხეთ დუქანი ბნელი“). წიგნში მოთავსებულია სონეტები, ტრიოლეტები, ტრიპტიხი და სექსტინა. ის ყველა ფორმებს იმორჩილებს შესაფერ შინაარსისათვის. კოლაუ ნადირაძეს უკავია მოწინავე პოზიცია პოეზიის მებრძოლ გლადიატორებში. ის ჯერ კიდევ ახალგაზდაა და ქართული პოეზია ბევრს მოელის მისგან.
შალვა კარმელი