სცენა მორთული ყვავილების ძველ პრინცესებით.
უკანასკნელი რეჟისორი მე ვარ მკვლელივით.
ხარბად ირევენ მეძავები ყველას სქესებით
და ტრიალდება ეს თეატრი კარუსელივით.
გადირბენს თაის გაშიშვლებით თეთრი, მტრედული
და მიატოვებს წამს ჰაერში გაფრენილ ხელებს.
გაშრიალდება კლეოპატრა ოქრომკედული
და ვნებიანად წელს მოიხვევს მშვენიერ გველებს.
მიჰყავს ფალესტრა მაკედონელს ბნელში ფარულად,
უსაშინელეს ომს გადიხდის გმირი ზვიადი.
მოჰქრიან ხმები, ტკივილები გადანარულად
და წუთებია განწირული და იშვიათი.
ღამის ფერებით ბალაგანი ცამ გადალილა, –
ძველი როსკიპი კართაგენის აქ სალამბობდა.
ლილიტის თმებით უმღეროდა მთვარეს დალილა
და ბრაზიანი ჰანიბალი ლექსებს ამბობდა.
ფერგადასული სალომეა შემოდის თასით,
ტანის არხევით ტკბილ საწამლავს აწვდის იროდეს.
შესცქერის ქალწულს დეზ’ ეს სენტი გარდაცვლილ რასსით
და სურს, ქვეყანა მის ცეკვაზე რომ მოტიროდეს.
მაგრამ ბალთაზარ – ბალაგანის მეფე რჩეული –
სვამს სადღეგრძელოს უკანასკნელ თრობის გაგებით.
ახმაურდება ყრუ თეატრი, დაღ დაჩნეული,
ყველა ცრემლებით, სიყვარულით და შეძაგებით.
ჟამი განკითხვის ახლოვდება და ბოლო ჩემი.
არავინ შიშობს ამ დაღუპვას რეჟისორს გარდა.
აპოკალიპსის ანგელოზნი საყვირებს სცემენ
და სასიკვდილო შრიალებით ეშვება ფარდა!