ჩემში ჩაიქცა ძველ ქვეყნების მზის მხურვალება.
ბაბილონიდან ქარავნები ქაირს მიდიან.
მრუში ქალაქი მკვდარ ხალხების პირამიდია.
ასარგადონი, ბალტასარი, – კრთიან რვალებად.
ძვირფასი ქვებით მინდა თქვენი გაბრწყინვალება,
ო, მეფეებო, ო, ქვეყნებო: ტიროს, მიდია.
აპოკალიპსის მეძავები ტანს ღმერთს ჰყიდიან.
მათი ავხორცულ შრიალების მესმის წვალება.
აქ სვეტს ანთებდა ქამურაბის მძლე კანონები
და ნინევია დედოფლობდა – ჩემი ტრფიალი.
დამარცხებული აქ მოჰყავდათ ბაწრით მონები.
უამრავ ხალხთა გადავიდა აქ ხეტიალი.
ჩემში წარსული მოტრიალდა. ასე მგონია,
რომ ეს ქვეყანა დასანგრევი ბაბილონია!