შენი თვალები კუდიანის ჯადოს ფარავენ, –
მათ გადმოხედვას ანგელოზი არ ეკარება.
მაშინებს ხალხში სხვანაირი შენი გარება.
პოეტს ჰგონია, რომ ყველაფერს შენ მოგპარავენ.
მინდა, იქ მყავდე – სადაც გნახავს მხოლოდ არავინ,
სადაც ბავშვივით დაგაშინებს ღამის მთქნარება.
ტყე, მთა, ირემი და ლაჟვარდი თუ გეყვარება, –
მზად ვარ, ძვირფასო, აგიფოთლო ღმერთთან კარავი.
ჩვენი საღამო სურნელია ქრიზანტემიდან.
ვხედავ, მთვარიდან გადმოეშვა ცის არტემიდა,
მიჰქრის მწევრებით სანადიროდ, როგორც გრიგალი.
ვიცი, შენც წახვალ! გზა გეშლება ვარდის ტევრებად.
დაგედევნება არტემიდას ერთგულ მწევრებად:
ჩემი სონეტი, ჩემი რონდო და მადრიგალი.