სირენას ბალლადა
ტბაზე ღამე აირეკლა ვარსკვლავ-მთვარიანი,
სულშავ დემონს პაემანზე ათრობს არიანა.
ავზნიანობს სირენასთან იგიც საპირქუფრო,
– არიანა! ო, მიყვარხარ ჯოჯოხეთზე უფრო!
მე არ ვიცი დასაბამი, დასასრული ჟამის.
ხელმწიფე ვარ მარადობის და მეუფე ღამის.
მაცხოვართან მეც დავცქერი მიწის მეფის სოფელს, –
ის მოაჩვენს კაცს ანგელოსს, მე კი მეფისტოფელს!
დროს და სივრცეს მალიგორად ვუხავერდე სფერო.
ცხელ სიგიჟეს ათოვლებით ძალმიძს მივეფერო!
არიანა! აჰყევ სიცხით ქარიშხლიან ვნებას…
ღამის შვილნო! გვაცნაურეთ ზარხოშ ქორწინებას!..
რა სთქვა, – გული აუხრჩოლა სირენასთვის გუნდრუკს
და ხალისით გადახედა ავსულთ შაბაშ ფუნდრუკს.
ქარი ხვეტდა ცელქ ეშმაკებს წითელ ქუდიანებს,
ფერიებთან აცეკვებდა კოხტა კუდიანებს.
ტაში ქაჯებს უხდებოდა, ვით ხუმრობა ჭინკებს.
რუკაპები ყირამალით ასარკებდენ ტლინკებს.
ტინტილობა, ტანს უტკბობდა ტიტველ ტარტაროზებს.
მთის კუდურნი ბებლს ჰპარავდა საღვთო ავგაროზებს.
ქალთევზებთან სირინოზნიც ტალღებს სჭრიდენ ქორფად,
გიჟდებოდა ტბის ზეიმი ყრუ გრიგალში ორფად.
შორს არტვაზი მაიმახი სცეკვდა გასტიბუბეს.
არიანა ჩატმასნოდა მყიფ დემონის უბეს.
ხაშმი ღამე დაესერა მაშრიყისკენ ზოლებს
და სწურავდა ფრთებს დემონი წყალზე შენასროლებს!
– არიანა, ჩემთან წამო! გავსცდეთ მიწის სამანს!
გარესკნელში მზე ვერ დაგვკრავს დრასტიკ თვალის დამანს!
წამიყვანე, დასიცხულო, შენ რარიგად გსურდეს: –
თუნდ თევზური ჩემი ტანი ტბიდან ამოცურდეს!
მყის აფრინდა მოშოლტილი ხელი შემძლებელის
და მკერდს დასცა არიანას დანა ბელზებელის!..
ო, ისეთი რამ შეიქნა, მაშინ არიანა, –
რომ თვით ღამე ტბამ ჩასძირა ვარსკვლავ მთვარიანა!..
აირიენ! ყველა გარბის! უფრთხიან მზის ლაჯებს!
კუდიანი ეშმაკს უსწრებს და ჭინკები ქაჯებს!..
მთის ფერნისლი ტევრი მალავს დაფრთხალ ტყის ფერიებს.
მაჯლაჯუნა ტარტაროზნი ჰშლიან მისტერიებს.
რბის არტვაზი, მისდევს ბებლი და რუკაპი მრუში.
ჯოჯოხეთის შავ აჯილღას ბორკავს ძონძის რუში.
სირინოზმა ნაზ დობილის სულგაცლილი გვამი
ტბის ჩარდახში ჩაიტანა ჩუმად მონათქვამი.
მიიმალენ წამს ლანდები ღამის მაცდურ სარკის.
ვერ იხილა მკრთალ აისმა შემწირველნი ხარკის.
ცისკრის იქით, სადაც თქეშდა ღვარი აკვარელის,
ნაჩქარ დემონს შორს მიქონდა სული საყვარელის!
მან იპოვა, რაც უნდოდა, რაც რომ წარიტანა,
მკვდარ ქალთევზას ნაფერსისხლი ტანი არ იტანა.
ლურჯ ეთერში მზე ავხელი დასხიოსნობს მანგით
და დემონიც სხვა სულს ეძებს აზღაპრებულს ბანგით.
ხოლო ღამით სირინოზი ტბაზე გვამს აცურებს
და ზეცაში დემონისთვის თვალებს აფაცურებს.
ჰგონია, რომ დაინახავს დემონის ფრთის კარავს,
მის დობილს რომ დაუბრუნებს ცხელ სულს მონაპარავს,
და, ვერ ხვდება, რომ ტბამ ღამე შთანთქა მთვარიანა,
სიყვარულით დაეღუპა მაშინ არიანა!
1917 წ. აპრილის 18