არაბესკი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

არაბესკი

არაბთა საღვთო მეჩეთები ტეხილ ხაზებით.

ციდან შავი ქვა მოტანილი – მექა, მედინა.

აიმართება მთვარიანში თეთრ ოფაზებით

და გაიელვებს მოგონება გზაჯვარედინად.

 

გადაიშლება ინდოეთი ძველი ვედებით.

ბრამანთა ლოცვა ჩაგვესმება, წინად ჩვეული.

და გადაგიყვანს ნირვანაში დაიმედებით

საკია-მუნი – მეოცნებე ბუდდად ქცეული.

 

დავიარ ჩუმად დიდ პაგოდებს, ყველა ვიხარებს.

დგანან კერპები უცხო სახით, მრავალ ხელებით.

მათი შეხედვა თვალუტეხი გულს გაგვიხარებს

და ჩავიჩოქებთ ყრუ ლოცვების ამოხველებით.

 

ვყნოსავ სიხარბით ეგზოტიკურ ყვავილს მონურად.

ძვირფასი ქვები სამახსოვროდ აქ იფანტება.

მოვირთავ ოთახს მაკიმონით იაპონურად

და გადავისვრი მოგონებებს თეთრ ინფანტებად.