მამულო ძვირფასო, რაინდთა მამულო,
წინაპართ სისხლითა მოცვარულ-ნამულო –
იხარე! – გაიღო მცხეთისა კარები
და შენდა აღდგომას ლხინობენ ზარები!..
აფეთქდა მეტეხი… დაიქცა კედელი…
მოგიკვდა მტარვალი, ხუნდების მჭედელი…
მონობა წაიღო დროჟამის სამარმა,
სიცოცხლე გაიახლა ზეინაბ-თამარმა!
ერეკლეს ბრძოლის ხმა გუგნებს, გრიალებს…
კრწანისის დროშები კვლავ წითლად ფრიალებს…
ქაჯეთის ციხე-კოშკს ანგრევენ გმირები!
ტარიელ შელეწავს ცხრა კლიტულს დღეს ტანით
და მალე ილხინებს ტყვე მიჯნურ ნესტანით!..
წინ, მზისკენ მხედარნო – ახალ გზის ხიდებით,
თინათინს ვესტუმროთ ქორწილზე დიდებით!
აწ ვეღარ დაგვსუსხავს ქარ-ყინვა რუსთ ველის –
დღეს ზეიმს გადიხდის სამშობლო რუსთველის!..