ლექსთა რვეული კუკური გოგიაშვილის
ლექსები ჩემს ძმას კუკურის
შალვა კარმელისგან
მეკია
ორი პატარა თიკანის
დედაა ჩვენი მეკია,
სიხარულისგან ფრუტუნებს
და კუდი აუპრეკია.
რძით ავსებია ჯიქანი,
ბავშვებო, თქვენსა მზესაო, –
ბევრი საჭმელი მიეცით
და მოგვცემს ბევრსა რძესაო!
კრუხი და წიწილები
ჩვენმა კრუხმა დაჩეკა
პუწლიკიძის ქალები,
ღომსა ჭამენ ჭუჭუნით
უვლისთ დედის თვალები.
ყური უგდე კუკური,
ნუ გაუშვებ შორსაო, –
თორემ არ გადურჩება-
ყვანჩალას და ქორსაო!
ვირზე შეჯდომა
ჩემო ძმაო კუკური,
ოქროსი გაქვს ქოჩორი,
მაგრამ ვირი რად გიყვარს
ან და მისი ჩოჩორი?
გეუბნები: ნუ ჯდები,
ნუ აწვალებ ვირსაო, –
თორემ გადავარდები –
გაიტეხავ ცხვირსაო!
დილის ლექსი
მზემ უკვე თავი წამოყო,
ღრუბლებში გადანამალმა,
ადექი მალე კუკური,
უკვე იყივლა მამალმა.
ადექი, გარეთ გამოდი
და დაიბანე პირია,
მიხედე შენსა დედასა –
მას შენი თავი ჭირია!
თიკნები
პროწიალობენ, ხტუნავენ,
ეს ჩვენი ცელქი თიკნები.
დედას მიზდევენ ფეხებში, –
როგორც რომ ქუჩის ციგნები.
აცმაცურებენ ყურებსა,
კბილებს ფოთლებზე ლესავენ,
მიდიან მიკუნტრუშობენ
და გზაზე კურკლებს თესავენ!
აღდგომის ტრიოლეტი
აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი
და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.
ცოცხალს კლავს ღვინო და ისევე ცოცხლდება მკვდარი,.
აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი.
აღარ ჩანს ქრისტე ამ ლოთებში, არც მისი ჯვარი.
არ ვიცი, ახლა ვის წინაშე დავენარცხები.
აღდგომა დღეა სამრეკლოზე ზრიალებს ზარი
და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.
კუკურის
გიყვარს ლექსი და ამიტომ
მეც ვასრულებ შენსა სურვილს,
სანახსოვროდ გიწერ ლექსსა,
რომ იკლავდე ამით წყურვილს.
პატარა ხარ, მაგრამ კარგი,
პირმცინარე, ცელქი, ჩქარი,
ვფიქრობ, როცა გაიზრდები,
შენც დაგშვენდეს, მგონი, ქნარი.
ოქროს თმებით და სინაზით
მომაწონე ერთობ თავი,
და ამიტომ ღმერთს ვთხოვ, ჩემო,
აგცდენოდეს მუდამ ავი!
რაჟდენ გვეტაძე
მეკიას ჯიქანი ბოხჩაში
ჩემს მეკიას ბოხჩითა
დაუფარეს ჯიქანი.
რძის საწოვად დედისკენ
თიკანს მისდევს თიკანი.
ვეღარ სვამენ და ნელა
ეჩვევიან ჭამასა.
მეკია მეტს იწველის,
უხარია მამასა!
ლეკური!
გესმის ხმა დაირისა
და შენც ისე ისწრაფი,
ვით სიმებზე თარისა
საიდუმლო მიზრაფი.
გადმომსხდარან ტაშები
კაბებზე და ჩოხებზე
და ვით მალი რაშები
დაგაფრენენ ნოხებზე.
და შენ ცეკვავ, ცეკვავ შენ…
ვეღარ გსდევენ თვალები.
ცეკვავ ლუწს და ცეკვავ კენტს,
მე ვთვლი და ვიღალები…
შ. ამირაჯიბი
შორი სიახლოვე
შენ დამეკარგე ხილულ არეზე
ვერსად ვერ გნახე, ვერსად ვერ გპოვე.
ალბათ იყავი შორს ცის მთვარეზე, –
მე კი მტანჯავდა კვლავ სიახლოვე.
მარადი ტრფობა
სადაც უნდა ვიმყოფოდე:
მთებში, გზაზე, თუნდა ზღვებში, –
მე მსურს, მარად შენ გეტრფოდე,
შენ გაქებდე ჩემს ლექსებში.
შენთვის მინდა ჩემი ქნარი,
შენთვის მსურს, რომ მღერა ვიწყო, –
სიცოცხლეო, თვით მითხარი, –
შემიძლია დაგივიწყო?!..
წიწილის მოტაცება
სასაფლაოში ჩვენ კრუხსა
დაეცა შავი ყვანჩალა,
და ერთი პაწა წიწილი
წაიღო, წააჩანჩალა!
ცხარობდა კრუხი ქოთქოთა,
უბედურებას ჩიოდა, –
დაკარგულ შვილზე საბრალოს
ცრემლები ცრემლზე ცვიოდა!
იქვე ოხერი ყვანჩალა
შესკუპულიყო ხეზედა,
„ყვა-ყვას“ ძახილით ადრიან
ლხინობდა საუზმეზედა.
მაცადე, ყვავო, მაცადე,
გაუმაძღარო, მშიერო, –
თუ შენ არ გადაგიხადო,
ამ საქმის სამაგიერო!..
იურას ფისო
იურას ყავს ერთი ფისო,
მია…მია…მიაო…
დადის მუდამ და კნავის,
თითქოს ამბობს, მშიაო.
რძეს მიირთმევს და დარბის
სადაც ყრია ნაგვები,
უნდა, რომ დაჭიროს
პაწაწინა თაგვები…
სწორედ გოლიათია,
ფისო თვალებ ღიაო,
ფისო, ფისო, ფისუნა…
მია…მია…მიაო!..
აბლი-ბაბლი
აბლი-ბაბლი-ბაბლები:
გესმის ახალ ამბიდან?
დაიფარა წაბლები
წმინდა თოვლის ბამბიდან!
თეთრად განაფითრები
გრიგალები ქვითინებს.
ნიგვზები და ფითრები –
მოუნახავთ თრითინებს…
შეფარვია შაშვები
აშიშვლებულ სუროებს.
ავსებს ფიფქი ნაშვები
მუხის ძველ ფუღუროებს.
აბლი-ბაბლი-ბაბლები…
ცივ არშიის მოვლებით,-
მაღალი და დაბლები
შემოსილა თოვლები!
ჭინკები სოფლად
მიწას გადესხა ოფლად
თქეში ქარით და მეხით.
ჭინკა მოვიდა სოფლად
ჯურღმულებიდან გრეხით.
სამი დღე დაჰყო მთაში,
ექვსი წყალსა და ბარათ.
თუ ხელთ მოიგდო რაში, –
დატრიალდება ჯარათ!
ძველი ორღობის პირას,
ჭინკა ჭინკასთან მოხტის,
ჭინკა გადადის ყირას,
რომ მოკლას ჟინი ოხტის.
ცეკვით, ხტუნვით და ხვნეშით,
ჭინკა ჭინჭარში ჭყავა.
ჭინკა მოსული თქეშით,
უთუოდ დარით წავა!
შ. გ. კარმელი
მამალი ხეებზე
გატეხილ ღამეში მამლები,
ყივიან… ყივიან… ყივიან;
თენდება და ქრება კვამლები..
ცისკარში პირველი სხივია!
შორეულ აურით-ზაურით
ჩაინგრა ტატნობის კედლები,
მამლების ზარხოში ხმაურით
ხარობენ ხეებზე დედლები.
ჰგონიათ სერალთა ფერია
თავი და მამლები ფაშები.
მამლებიც ამაყად მღერიან
ფრთა-ფრთაზე შემოკრულ ტაშებით.
მზე მოდის ცისკართან მცინართან,
გაფანტოს ღამური კვამლები,
ჩვენა ვართ მფარველნი მძინართა,
ჩვენა ვართ, ჩვენა ვართ მამლები!..
მისივე
ჭიაკოკონა
გოგონამ ჭალის სერებით
ფიჩხი და ქურჩა მოკონა.
სოფელში ჩალის ღერებით
ავარდა ჭიაკოკნა.
ტაშტზე ჯოხი სცემს ლახტებათ,
მღერიან გიჟურ მარულით.
გასაწმედავად ახტება
სუყველა კოცონს არულით.
აგერ მოფრინავს გოგონა
აელვარებულ თვალებით…
მირეკავს ჭიაკოკონა
მთებში კუდიანს ალებით!..
შობის ხე
შევცქერივართ შობის ხეს
ზიზილების მოვლებით…
გვიხარია სუყველას
ქრისტეს მოსვლა თოვლებით.
გავიზრდებით, ვახარებთ
ჩვენს სამშობლო მხარესა.
პასუხს გავცემთ უშიშრად
ყველა მტერ-მოყვარესა…
შევცქერივართ შობის ხეს
ზედ სანთლებსა მილულს.
ჩვენ აქ ველით სიხარულს,
ჩვენ აქ ველით ტკბილეულს!
ჩვენი ყვინჩილა
იურას ყავდა ყვინჩილა,
ჭრელ ბუმბულს ტანზე ივლებდა.
გათენებისას ეზოში
ხმამაღლა დაიყივლებდა.
თიკანთან იყო ნაჩვევი
ხელის-ხელ გადახოვასა,
ამ მოკლე დროში ფიქრობდა
ერთი ვარიის თხოვასა.
მაგრამ ერთ დილას დედამა
ის სადღაც წააჩინჩილა
და მოიყვანა იქიდან
უყვეროდ ჩვენი ყვინჩილა.
საბრალოს დაუკითხავათ
დააყრევიეს ყვერები,
გადაავიწყეს საცოლო,
ყიყლიყო და სიმღერები.