როგორც არწივი – სერაბიმი მაღლიდან წყევით
დაეცა ცოდვილს და შეიპყრო წამს მატყუარა.
„ – ო, უბედურო! – ეუბნება მას თმების წევით, –
მე ვარ მფარველი ანგელოსი, ნანობ თუ არა?
უნდა გიყვარდეს შენ სუყველა აქ შებრალებით –
ბოროტი, კოჭლი, კუზიანი, ბრმა და სულელი,
რომ ამოქსოვო მაცხოვრისთვის ამ მოწყალებით
სასიარულო გზის ხალიჩა დაუსრულელი.
„ო, ასეთია სიყვარული! – გიყვარდეს თბილად
და ნეტარება მოგეცემა შენ საჩუქრად,
მოუწყინარი ნეტარება, მარადი, წმინდა!“
გულზვიადს, ცოდვილს ანგელოსი ამგვარ მუქარით
აწვალებს და თან იღიმება იმედით ტკბილად,
მაგრამ ბრმა ჟინით მეამბოხე ამბობს: „არ მინდა!“.