შალვა კარმელი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 01.15.1979

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28730-7-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

შალვა კარმელი

ეს ბავშვი პოეტი „ცისფერ ყანწელთა“ შორის ყვალაზე უნცროსი ძმა იყო, „ძმა ბენიამინი“, როგორც მას ჩვენ ვუწოდებდით. მთელი მისი ბავშვური არსება პოეზიით იყო გაბრწყინვებული, გასხივოსნებული.

ცხოვრების ყოველ მოვლენას, გარეშე ბუნებას, ადამიანს, ყოველ სულდგმულს, ყოველ არსებას იგი ითვისებდა, როგორც პოეტი. ყველაფერში იგი ეძიებდა ფარულ მშვენიერებას და იდუმალებას. ეს, ცხადია, თავისთავად შობდა მასში ცდუნებას და დაუძლეველ სურვილს, რათა ხელოვნების ფორმებში მოექცია ყოველივე ეს და დაემორჩილებია იგი ლექსისთვის, ლექსის საშუალებით მეტყველი გაეხადა იგი.

ჩვენ ყველას გვაოცებდა მასში ასეთი, ასაკობრივ ნაადრევი, ღრმა პოეტურ ჭვრეტისა და შეგრძნობის გამოვლინება.

რა თქმა უნდა, მას ჯერ კიდევ აკლდა ოსტატობა. მის ფრთებს ჯერ კიდევ არ გააჩნდა ფრენის ის სილაღე და სიძლიერე, რომელთაც თანდათან ითვისებს და იძენს გამართულ ფრენისთვის გაჩენილი ჭეშმარიტი პოეტი!

კიდევ რამოდენიმე წელი, კიდევ ხანი და… კუნთები ჰპოებენ ძალღონეს, საჭირო სიმკვრივეს და შესძლებენ იმ მძიმე ტვირთის აზიდვას, რასაც ჯერ სუსტი ფრთები ვერ ახერხებენ!

ამის გარეშე განა შეიძლებოდა სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი იმ ღრმა, ანთებული სიყვარულის გადმოცემა, როლითაც ეს ბავშვი შეპყრობილი და დაავადებული იყო?!

ამ სიყვარულის, ამ ტრფიალის ლოცვებათ გადმოცემისათვის სურდა მას ეარსება და შეეწირა თავისი სიცოცხლე!

მაგრამ… ამ  მცირე ვადის მიცემაც არ მოისურვა ბედმა! საოცარი სიძუნწით გადაუთვალა და მიაკუთვნა მან პოეტს სიცოცხლის დღეები და უმანკო სიცოცხლის ცისფერი სიმი. ეს გახლდათ ჩვენს შორის სიკვდილის პირველი სტუმრობა, რომლითაც შემდეგ იგი დიდი სიუხვით გვწყალობდა ჩვენ!..

ეს პირველი ცრემლები ჩვენ დავაფრქვიეთ მის სამარეს, მის მშობელ ქუთაისში, სადაც მან ასე საბედისწეროთ პირველად გაახილა თავისი მშვენიერი თვალები – „არჩვის თვალები“, როგორც მე მათ ვუწოდე.

კოლაუ ნადირაძე

15/I.1979 .