შალვა კარმელი – რაჟდენ გვეტაძე – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი :

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-17-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა

შალვა კარმელი – რაჟდენ გვეტაძე

ძმაო რაჟდენ!

გისურვებ კარგათ ყოფნას ცოლშვილით. 13 სექტემბერს ჩამოვედი ქუთაისში. შენ უკვე იცი, სახლში რა საშინელი ამბავი დამხვდა. რა უბედურებაა. დამწარდა აბასთუმნის ტკბილი სეზონი. აბასთუმანში ვიყავი თვე ნახევარი. მოვიმატე 15 გირვ., წამოსვლის კვირაში დავკარგე 3 გირ. მიზეზი: ერთი რომანი, ჩემი გულის ქალბატონმა სიყვარულს შესწირა 5 გირ. აქ სიყვარული გირვანქობით, და ტერმომეტრით იზომება. დაწვრილებით სხვა დროს, ტფილისში. ნაცნობები ბევრი იყო. მწერლებიდან არავინ ყოფილა სანდროსა და გორგაძის მეტი. ორივე ძლიერ მოკეთდა. ძლიერ მხიარულად გაიარა დრომ. სანატორია ვერ გვაკმაყოფილებდა და დღეში ასი ათასს ვხარჯავდით. ვცხოვრობდით გიორგი ცესარევიჩის სასახლეში. ჩემთან იყო: ვასო ხმალაძე და ერთი ქუთაისელი ბუხგალტერი. ჩვენს გვერდით ოთახში ცხოვრობდენ: ანტიოსი და ჭულა ხუნდაძე. ტფილისში წამოსვლა მინდა თვის ბოლოს. სევერიანე და გიო წამოვლენ ერთ კვირაში. ძლიერ გვეშინია ოთახების ჩამორთმევის. არავითარი მოწმობა წამოსვლის შესახებ არ დაგვიტოვებია. იქნებ მიხედო. მეტად გვაფიქრებს სამსახურიც. გადაეცი ჩემი სალამი ყველა მეგობრებს: გრ. ცეცხლაძეს, ტიციანს, გოგლას, გიორგი კვარაცხელიას, ნინა ბაქრაძეს და სხვ. გავიგე – მალიკო წაყოლია ვირაპს. ლილი მეუნარგია მომკვდარა. ნუ დაიზარებ ერთ წერილს.

ნახვამდის,

შენი ძმა შალვა კარმელი