ქარიშხალმა მდელოში
ყვავილები გათელა.
ზეცის საკანდელოში
არ კრთის ციცინათელა!
ო, რა იყო წუხელი:
გულში ცეცხლის მოქრობა…
ათასი ხმის წუხილი…
წყევა და ჯადოქრობა!..
გავალ ყვითელ თოვაში.
ფორიაქით ცვივიან…
ვეღარაფერს მოვაშენ…
ირგვლივ რა სიცივეა!
მომენატრა ბაღები,
სულის გადამშვიდება,
ზეცა და ზამბახები
და პოეტის დიდება.
ქარის შეუპოვრობამ
მძაფრი ვნებით დაჰბერა,
შემოდგომის ცხოვრებამ
ყვითლად ჩამომაბერა.