ქალს ფენომენს – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1923 წლამდე

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-4-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ქალს ფენომენს

ანტიურ ღმერთებს ემსგავსები თეთრი თვალებით.

მიდიხარ ნელი სომნამბული შრიალით ბეცად.

გადასულ ქალებს თქვენ ამთავრებთ გამოკრთალებით

და მკვდარ ქვეყნების ქალაქები გავშალეთ ზეცად.

 

ვწერ ახლა ლექსებს უსარგებლოს მე შეიძლება –

და ჩემს ორეულს ვათამაშებ მეფეთა ხმაში.

მაღალი ტახტი ბაბილონის, ჩვენთვის იცვლება.

მაგრამ მე ჩემ თავს არასოდეს არ გავცვლი სხვაში.

 

დავამსხვრევ აჩრდილს ცივ სარკეში გაბრაზებული.

ნატეხებიდან იგი ახლა მიცქერის ასად…

შენ რამდენს მებრძვი, უმეტესად მტანჯავ გზნებული

და ერთის ნაცვლად მეჩვენები: უამრავ ხასად!