უკანასკნელი ლექსებიდან – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-26-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

უკანასკნელი ლექსებიდან

ტფილისის მერე ეს პროვინცია

როგორ გაძინებს, გინდა იცინო

ჩვენს ძველ სოფელში ერთი პრინცია

და პრინცესები: ჰელლი, ციცინო.

ეს თრობის მტვერი ხეებზე ხეებს,

ამ აკაციას, ტყემლიდან ატამს,

სურნელ ტალღებად ქარებში ატანს

სუნთქავ ველურ პარфიუმერიას.

ნუ გაიხსენებ დაცემულ დღეებს

და ნურც გაწმიდავ წარსულს მტვერიანს.

იყავი ბავშვი, აჰყევი კატას,

როგორც საყვარელ ქალს ისტერიანს.

საყდრის გუმბათებს აღარ ვახსოვარ,

სალამი გუმბათს, ბრწყინვალე მნათობს!

ღამდება მწვანედ და ფიქრი გვათოვს.

ზარების ლოცვა ქარმა დაქსოვა.

იესო ჩემი სულის მაცხოვარ…

ილეკოს გზები

წამოსულ წყალის

და წმინდა ბზები

კუბოთა კვალის,

თეთრ ყვავილებით დამარხეს ქალი.

ხვალ ქრისტე მოვა, ელიან მკვდრები,

მე საწამლავით ბარძიმებს ველი.

მე ველი დარებს – ცა ზამბახდება

მოვა პრინცესა ციცინო, ჰელლი,

ალბათ სიზმარიც კარგად ახდება.