სახრჩობელა მომდურავზე – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სახრჩობელა მომდურავზე

შევხვდებით ხშირად საღამოში პარალერულად.

ხართ მარმარილოს მთვარეული, მკრთალი პუდრებით.

მომესალმება ეგ თვალები მწვანედ, ველურად,

რომ გეოცნებო ჩემს მომდურავს განსაკუთრებით.

 

ვინ დაგვაშორა უმიზეზოდ ბავშვები წმიდა!

ქალწულ სიზმრების ქარავანი ერთხელ გიალე.

იქნებ გახვედით მედიდური ჯადოსნურ წრიდან

და ინდოეთის ბრილიანტად ცრემლს აკრიალებ.

 

ვუახლოვდები სახრჩობელას ჩუმად, სასტიკად.

უკანასკნელო ტრფიალებო, – დაშრი ალებით!

იქნებ კმაროდეს პოეტისთვის ნორჩ ფანტასტიკად –

შორი ღიმილი ჯიოკონდას აშრიალებით!

 

იქნებ ღამეშიც ეგ თვალები მკბენდეს გველურად,

რომ დაგიტირო პანაშვიდზე გულში მიგდებით.

ჩვენ ასე ვივლით, ო ძვირფასო, პარალელურად

და არასოდეს, არასოდეს არ შევრიგდებით!..