სარდანაპალი – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1923 წლამდე

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29346-11-6-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სარდანაპალი

თვლემს ნინევია – ისტარის ვნება.

და ცაზე ქრება სინის თვალები.

და შრიალებენ, როს ქარი კრთება –

ფინიკის პალმა და მინდალები.

დგება მზის ღმერთი – შამაში;

ცეცხლის თამაშში იცხელებს ცქერას.

ვარსკვლავთმრიცხველი მნათობთ გამმაში

კითხულობს ქვეყნის ბედების წერას.

ქალაქს მოედო საყვირი ბრაზი,

მხედარი ხმაზე წინ შეგვეფეთა.

გამარჯვებულებს უხდება ნაზი

სარდანაპალი – მეფე-მეფეთა.

დასცეს ალამი და დაცინვაში

ბაწრით ტყვეები მიჰყავთ ჩუმები

და მოელავენ მეფის წინაშე:

მკაცრი სარდლები და ქურუმები;

ტრიალებს ქუჩა: ჰყვირიან, ჰყეფენ…

იწვის ოქროში ხალხი ნაფალი,

მტრის თავის ქალებს სასმისად ჰკრეფენ,

ზეიმობს მეფე სარდნაპალი!

ჰარიმხანების მოჰკლეს ხასები.

გატყდა თასები. ამოშრა ვნება

მაგრამ მიდიელთ მოდის დასები

შამაში შფოთავს შამაში წყრება

ქარი ღრუბლებით ზეცას წვევია

და შესევია ქალაქს სარდლებით.

სარდანაპალი და ნანევია

ცეცხლებს ელიან ავ სიკვდილებით!