სანბენიტო – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სანბენიტო

და მე ვკვდები, რადგანაც მე არ ვკვდები!

წმ. ტერეზა

 

თითქოს გავცივდი თოვლში ღარიბი,

დანესტიანდა ფილტვის კედარო.

შენ ჩემო ლანდო, ვის ეყვარები, –

გზადაკარგულო მუნჯო მხედარო!

ჩემი ყრმა სული ოქროს სკივრებით

გამძამფრებულად ასე ქვითინებს:

დავიტანჯებით ჩვენ სატკივრებით

და მზე აღდგომას არ გაგვითენებს

 

ვხედავ: მიაფრენს ქარი ნეშოებს,

იმათთვის კუბო არსად ითლება…

დღეს ჩვენც მოგვედო, უნუგეშოებს,

შიშიანობა და გაყვითლება!

ქვეყნად მოვედი ჩემს უნებურად,

სადაც მითვლიდენ დღეებს ციფრებით.

გლობუსის ტრიალს ნისლი ებურა

და შევცქეროდი ცას განცვიფრებით.

ო, ის სოფელი – წმიდა, ფარული, –

არ იქნებოდეს ნეტავ რიოში…

სხვებისთვის ლოცვა და სიყვარული

მეც გამყვებოდა საიქიოში!

 

სდგას ეშაფოტი მთვარის ფაქიზი,

ცოდვილი სულნი სადაც იწვიან.

მივალ ამაყად გულშენაქეზი

და სანბენიტო გადამიცვია!

მაღალ კოცონთან სდგანან მწყობრები,

ყველას თავები დაუზნექია.

თქვენ ჩემო ძმებო და მეგობრებო:

ინკვიზიტორი ჩვენთვის – ჭლექია!

წაიღონ ჩემგან – ღვთის წყეულიდან,

თუ რამე დარჩათ გასაქვითელი…

თორემ ჩემ ყვითელ ცივ სხეულიდან

აღარ დარჩება ფერფლიც ყვითელი!..