ო, რათა!
ო, რათა, რათა, ჩემო ტურფავ და ჩემო კარგო,
ეგ შენი თვალნი რათ მერიდვის, რათ გარბის შორსა?
მე მაგ ბაგეზე მსურს გრძნეული კოცნა მოვქარგო,
შენ კი საოცრათ ერიდები ჩემსა ამბორსა!
ო, მითხარ ერთი, აბა, მითხარ, რისთვის არა გსურს,
რომ ჩვენი გულნი ერთმანერთის ტრფობით ტკბებოდეს?
რისთვის არ აძლევ თავისუფალ ნებას შენ მიჯნურს,
სიცოცხლის მიზნის მჩქეფ წყაროსა ეწაფებოდეს?!
ახ, უგრძნობელო! სილამაზე რისთვის გაქვს, ვერ გრძნობ,
შენა გგონია ეგ შვენება მარტო შენია! –
მაღალ დანიშვნას კაცთა შორის სრულებით ვერ ცნობ –
მხიბლავი ტრფობა ღმერთს რისთვისა გაუჩენია.
არა გაქვს ნება, ჩემო კარგო, დაახმო გრძნობა
უდროოდ მიწა მიაყარო ხორცს აყვავებულს
და თუ არ გინდა, მოგეწამლოს ახალგაზრდობა
მოდი, დააკვდი ამ ჩემ ბაგეს ეშხითა ვნებულს!
ოდეს იშლება
ოდეს იშლება ვარდის კოკორი,
რა რიგ წარმტაცობს, რა რიგ კარგია!
ის ღვთაებაა უმანკოების,
ის სილამაზის ტურფა დარგია!
ჰოი, შვენებავ, ვარდში სახულო,
ქვეყნის სამკობად ხარ ცით ფრენილი,
კოკრის წიაღში ასაფეთქებლათ
საამო სუნით მიმოფენილი.
ო, შეხე, ვარდო, მზის გრძნობის სხივნი
ტრფობის მკერდზედა ვით მოგხვევია,
ვით ეს დილისა ვერცხლისა ცვარნი
ფერად ლოყებზე შემოგმსხვრევია.
ო, ვით არ გმოსავს ესდენ შვენებით,
ზენაარ ძალით სავსე ბუნება,
ო, ვითარ ნაზათ ამკობ ბუნებას,
როს ეგ შვენება მას ებრუნება.
შალვა კარმელი
სახსოვრათ გიძღვნი ლიტონ ლექსს,
ობოლ სიტყვებით წყობილსა,
ბინა მიეცი რვეულში
ღვთის ანაბარად შობილსა.
სოსიკოს შალვასაგან.